რა სამედიცინო სერვისები დაუფინანსდებათ რუსთაველებს

2023-10-17 16:31:45

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას აგრძელებს.

როგორც მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე ვკითხულობთ, პროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ:

"ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და  ესაჭიროებათ ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკა და ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობა, კარდიოქირურგიული და გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება, კომპიუტერული გამოკვლევები 0-70 000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამონაკლისს წარმოადგენს დევნილები, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ-ქალაქი რუსთავი", - ვკითხულობთ ვებ გვერდზე.

მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა ბუცხრიკიძის ინფორმაციით, ამ პროგრმის ფარგლებში ონკოლოგიის, კარდიო-ქირურგიისა და გეგმიური ქირურგიის მიმართულებები ფინანსდება.

თითოეულის შემთხვევაში, თანხის ზედა ზღვარია დაწესებული.

ონკოლოგია - 2 500 ლარი;
კარდიო-ქირურგია - 2 000 ლარი;
გეგმიური ქირურგია - 1 000 ლარი.

თითოეულ განაცხადზე, შესაბამისი კომისია ინდივიდუალურად მსჯელობს და გადაწყვეტილებას ოჯახის შემოსავლების, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით იღებს.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის მერიაში მოქმედებს დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამაც. აღნიშნული ქვეპროგრამის მიზანი დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული მოქალაქეების მატერიალური დახმარების გაწევაა.

"თანხის ოდენობა შეადგენს 80 ლარს. მოსარგებლე შეიძლება იყოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქე, რომელიც რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებს გარეთ). გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილის სტატუსის მქონე  იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი. ბენეფიციარი ვალდებულია, კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ (კალენდარული წლის დასაწყისში არა უგვიანეს 25 თებერვლისა და წლის მეორე ნახევარში არა უგვიანეს 25 ივლისისა) წარმოადგინოს განახლებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა IV-100/ა, აღნიშნული დოკუმენტის არწარმოდგენის შემთხვევაში, ან თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დასტურდება მოსარგებლის მიერ სამედიცინო მომსახურების პროცედურების განხორციელება, ბენეფიციარს უწყდება ქვეპროგრამით დადგენილი დახმარება", - ნათქვამია ინფორმაციაში.