ვის დაუფინანსებს წამლებს რუსთავის მერია

2023-10-17 14:44:56

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას აგრძელებს.

ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს, რომელთაც მერია 200-250 ლარის ოდენობის წამლების შეძენას დაუფინანსებს,  წარმოადგენენ: "ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად, არანაკლებ 2 წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). დევნილებს მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.

ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ომის მონაწილეების, 0-18 წლის ასაკის მარჩენალდაკარგული ბავშვებისა და მოზარდების (სარეიტინგო ქულა 70 001 დან-150 000 ჩათვლით) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსება", - ნათქვამია რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ასევე, ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების უზრუნველყოფა გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებით (თუ ბენეფიციარი ჩართულია დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში).

აღსანიშნავია, რომ ომის მონაწილეებს 250, სხვა დანარჩენებს კი 200 ლარის ოდენობით მედიკამენტები დაუფინანსდებათ.

მოცემული თანხა წლიურ ლიმიტს წარმოადგენს.

მოსარგებლე პირს, თანხის ფარგლებში, ნებისმიერი სახის მედიკამენტის შეძენა შეუძლია, გარდა ფსიქოტროპული პრეპარატებისა, რადგან აღნიშნულ პრეპარატებთან დაკავშირებით, აფთიაქი კალკულაციას ვერ გასცემს.