ჰაერის ხარისხის მონიტორინგი რუსთავში

2023-10-14 12:19:04

რუსთავში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კიდევ ერთი სადგური მე-20 სკოლასთან გაიხსნა.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში,  რუსთავში,  ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კიდევ ერთი ავტომატური სადგური განთავსდა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

"საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისთვის  მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კუთხით, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობას და მხარდაჭერას.

დღეიდან, რუსთავში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის  24 საათიანი მონიტორინგი, ძველ და ახალ რუსთავში განთავსებული ორი სადგურიდან განხორციელდება, რაც ეკოლოგიური პროექტების კიდევ უფრო სწორად წარმართვის შესაძლებლობას მოგვცემს" - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მონიტორინგის სადგურიდან მიღებული მონაცემები, გარემოს ეროვნული სააგენტოს პორტალზე -  www.air.gov.ge აიტვირთება.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი,  შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი ერიკ ილესი, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის (Sida) პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, 2023 წლის ბოლომდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს, 8 ავტომატური და 1 მობილური სადგური დაემატება.