რუსთავი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მადონა მაისურაძემ 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეში პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და არასრულწლოვანის დედას და ბიძას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. [ვიდეო/video]
პროკურატურამ არასრულწლოვანი გოგოს ბიძასა და დედას ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.
სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2022 წლის ზამთარში 13 წლის აითაჯ შახმაროვი მისი ნების წინააღმდეგ 27 წლის მამაკაცზე დანიშნეს, 2023 წლის ზაფხულში კი ზრდასრულმა მამაკაცმა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა. გოგონა "ქმრის" სახლიდან გაიქცა, რის შემდეგაც უცნობი პირის ტელეფონიდან დაურეკა დედას და დახმარება სთხოვა. პროკურორის განცხადებით აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო არასრულწლოვანის ბიძაც და სწორედ დედისა და ბიძის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მოხდა გოგონას "ქმრის" სახლში დაბრუნება.
ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, სწორედ არასრულწლოვანის დედა იყო ის ადამიანი, რომელმაც შვილისთვის შეარჩია საქმრო და დააორგანიზა ნიშნობა, რადგან 27 წლის კაცი მატერიალურად შეძლებული იყო და შეძლებდა მისი შვილის რჩენას.
პროკურორის ბრალდების საპასუხოდ 14 წლის გოგოს დედამ ეგანა მაგარამოვამ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისი შვილის ნიშნობა არასრულწლოვანის თანხმობით მოხდა და მას ზრდასრული მამაკაცის მიმართ გრძნობები ჰქონდა. გარდა ამისა, არასრულწლოვანის დედამ განაცხადა, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ასაკი სასამართლო პროცესზე გაიგო და აქამდე ის 22 წლის ეგონა.
არასრულწლოვანი შვილის იძულებით ქორწინებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა ქალმა, სასამართლო პროცესზე ისიც თქვა, რომ შვილის გაქცევისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემდეგ მისი "სიძის" სახლში მისულები იყვნენ, თუმცა მას კაცი იარაღით დაემუქრა და უთხრა, რომ თუ სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინებდა 14 წლის გოგონას მოკლავდა.
სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა, რომ პატიმრობა შეფარდებოდა მოკლული გოგოს დედასაც, რადგან მისი მხრიდან არის საფრთხე გავლენა მოახდინოს მოწეებზე და მოხდეს მტკიცებულებების განადგურება.
შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დამბალოში 14 წლის გოგო 27 წლის "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღიდან რადენიმე გასროლით მოკლა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. მკვლელობაში ბრალდებულს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და მიესაჯა პატიმრობა. კაცი სამართალდამცავებმა 10 ოქტომბერს დააკავეს.
11 ოქტობრს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვანის იძულებით გათხოვებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს არასრულწლოვანის ბიძა, რომელიც მანამდე ნასამართლები იყო.
მალევე გავრცელდა პროკურატურის განცხადებაც, სადაც ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მოკლული გოგოს დედის დაკავების შესახებაც, რომელიც თავდაპირველად რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.