შეხვედრა "რუსთავის აზოტში"

2023-10-07 16:06:44

ნინო ლაცაბიძე "რუსთავის აზოტის" მმართველი "ინდორმა კორპორაციის" თავმჯდომარეს  შრი პრაკაშ ლოჰიას და ვიცე-თავმჯდომარე ამიტ ლოჰიას შეხვდა.

საწარმოს ტერიტორიაზე გამართულ შეხვედრაზე, კომპანიაში ბოლო 9 თვის განმავლობაში ინდორმას მიერ განხორციელებულ პროექტებზე და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს.

ნინო ლაცაბიძის თქმით, მუნიციპალიტეტის მოთხოვნები და ინდორამა ჯგუფის გეგმები ერთმანეთთან თანხვედრაშია.

"ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა რუსთავის აზოტთან, რომელსაც დღეს ჰყავს ახალი ჯგუფი მართვაში, ეს არის ინდორამა ჯგუფი და მახარებს ის ფაქტი, რომ მათი მთავარი მიზნები არის ის, რაც ჩვენი მოთხოვნა იყო. ეს არის დასაქმებულებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა და ასევე მეორე მთავარი მიმართულება არის ეკოლოგიის მიმართულებით გარკვეული ინვესტიციის განხორციელება", - განაცხადა ლაცაბიძემ.

"რუსთავის აზოტის" გენერალური დირექტორის, ლევან ბურდილაძის თქმით, საწარმოში უკვე დაწყებულია და განხორციელდება კომპლექსური სარემონტო სამუშაოები.

"ჩვენი სტუმრები გაეცნენ საწარმოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს. დაწყებულია უპრეცენდენტო მასშტაბის სარემონტო სამუშაოები სხვადასხვა საამქროში. პირველ რიგში, ჩვენ გადავწყვიტეთ, კომპლექსური რემონტი განგვეხორციელებინა აზოტმჟავის საამქროში, თუმცა ეს სამუშაოები დანარჩენ საამქროებშიც გაგრძელდება და უახლოეს მომავალში, მივიღებთ სახეშეცვლილ, გათანამედროვებულ, მოდერნიზებულ რუსთავის აზოტის საწარმოს", - განაცხადა ბურდილაძემ.

შეხვედრას ქარხნის თანამშრომლებიც დაესწრნენ.