"შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ - კვირას, ასევე, აგვისტოში"

2023-10-06 12:16:21

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ ამ დროისთვის ბიზნესსექტორთან შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დედაქალაქში არსებული საცობების გამო მიმდინარეობს.

როგორც მერმა აღნიშნა, დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადადგილების შეზღუდვა იგეგმება პიკის საათებში. ამასთან, შეზღუდვა მთელ თბილისს არ მოიცავს, საუბარია კონკრეტულ მონაკვეთებზე, უბნებზე, სადაც ყველაზე მეტი დატვირთვა არის პიკის საათებში. „თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე აიკრძალოს, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, დილის 08:00 საათიდან 11:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე შუალედში. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას. ასევე, აგვისტოში,“- განაცხადა კალაძემ.

მერიის მიერ ამ ეტაპზე შემუშავებული გეგმით, დიდი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება, შემდეგ მისამართებზე: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ცენტრალური ქუჩები.