გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 4 სექტემბრიდან, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან პირველ 25 დღეში, 4 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 896 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.
„დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 418 სამართალდარღვევა გამოავლინეს თბილისში, 202 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 162 - ბათუმში, 114 კი, ქალაქ რუსთავში.
896 ჯარიმიდან 709 ფიზიკური პირის სახელზე დაფიქსირდა, 187 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
მოქალაქეებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.