“მავნებლური ოპიზიციური კოალიცია რუსთავს საბოტაჟს უწყობს”

2023-08-31 14:27:08

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, საკრებულო, უკვე რამდენიმე თვეა, არ განიხილავს ისეთ საკითხებს, რომელმაც რუსთავს დამატებით 100 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა მოუტანოს.

ამის შესახებ მან მერიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"მავნებლური ოპოზიციური კოალიცია რუსთავს და რუსთაველებს საბოტაჟს უწყობს და ჩვენი ქალაქის განვითარების შეფერხებას კვლავაც აგრძელებს. ამჯრად, ქალაქში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა, არ განიხილავს ისეთ საკითხებს, რომელმაც რუსთავს დამატებით 100 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა მოუტანოს. კოალიცია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" და პარტია საქართველოსთვის წევრებისგან შედგება, უკვე მეორე წელია რუსთავის და რუსთაველების წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებს. საკრებულოს თავმჯდომარის პასიური პოზიცია, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაგეგმილ მავნებლურ პოლიტიკას ამყარებს და რუსთავს განვითარების და წინსვლის რეალურ შესაძლებლობას უკარგავს.

ოპოზიცია, რომელიც ქალაქში ინვესტიციების შემოსვლას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებს ბლოკავს და პოლიტიკური ნიშნით დევნის საკუთარ თანამშრომლებს, არღვევს კანონს და იმ წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტს, სადაც ხალხის ინტერესების დასაცავად აირჩიეს.

მივმართავთ საკრებულოს ოპოზიციურ კოალიციას, შეწყვიტოს ის მავნებლური პოლიტიკა, რასაც რუსთაველები უკვე მეორე წელია კარგად ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, რომ არცერთ რუსთაველს ეს ადამიანები არ აურჩევიათ ამ მავნებლური პოლიტიკის განსახორციელებლად საკრებულოში.

დღეს სხდომამდე დარჩენილია რამდენიმე საათი. მივმართავ საკრებულოს თავმჯდომარეს, აიღოს პასუხისმგებლობა ქალაქის წინაშე და ყველა ის საკითხი, რომელიც გაჩერებულია უკვე თვეებია და არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ იბლოკება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი თემები, გაიტანოს პირდაპირ სხდომაზე განსახილველად. ამის საშუალებას მას აძლევს რეგლამენტი და კანონი", – აცხადებს ნინო ლაცაბიძე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ალექსანდრე ბერიძის განცხადებით, ვადების დარღვევა არ ხდება და აღნიშნულ საკითხებს საკრებულო აუცილებლად განიხილავს. 

"როდესაც ვლაპარაკობთ, უნდა იყოს დასაბუთებული. ეს არ არის ჭორაობა. არანაირი პროექტი მარტის თვეში შემოტანილი არ არის. მაისის თვეშია შემოტანილი პროექტები, ვადებში ამის განხილვა ჩვეულებრივად ხერხდება და ვიხილავთ კიდეც. არის შეკითხვები მერიასთან, რომელმაც უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, რომ საკრებულოს წევრებმა გადაწყვეტილება მივიღოთ.

ბოლო 10 წელიწადში, რუსთავში, გაცემულია ნებართვები 1 500 000 კვადრატის მშენებლობაზე, აქედან 450 000 არის აშენებული. დანარჩენზე არ ვიცით, არ გვაქვს ინფორმაცია, რატომ ვერ შენდება. არსებობს კითხვები - რა არის ამისი მიზეზი, გადავადებები როგორ ხდება ამ საკითხების ან ხდება თუ არა დაჯარიმებები?", - აცხადებს ბერიძე.