ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" საუბრობს, როგორ უნდა მოაგვაროთ მაღალი არტერიული წნევა მედიკამენტების გარეშე და ამავდროულად, პრობლემის გამომწვევ 11 ყველაზე ხშირ მიზეზსაც ასახელებს:
- რამდენ წამალს სვამთ დღის განმავლობაში - 3-ს, თუ გასცდით უკვე 4-ს? ძალიან რთული და დამღლელია, ყოველ დღე წნევის დამწევი მიიღო მაშინ, როცა ამ სიტუაციის უფრო სწრაფი, მომგებიანი და მარტივი გზები არსებობს.
ყველაზე კარგი გზა, რომ წნევა შეამციროთ, სხეულის წონის კლებაა. ჭარბი წონა მაღალი არტერიული წნევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. თუ სხეულის მასის ინდექსი, 25-ზე ზემოთაა, ლოგიკურია, რომ მაღალი არტერიული წნევა გექნებათ. ამიტომ, შეეცადეთ, რომ წონა დაწიოთ. თუკი წონას 1 კილოგრამით მაინც შეიმცირებთ, არტერიული წნევის მაჩვენებელი 1 ერთეულით მაინც შემცირდება. მაღალ არტერიულ წნევად ითვლება ის სიტუაცია, როდესაც სისტოლური არტერიული წნევა მეტია 140 ერთეულზე, ხოლო დიასტოლური არტერიული წნევა მეტია 90 ერთეულზე. შესაძლოა, მარტო ერთი იყოს მაღალი, ან მარტო მეორე, ან კიდევ ორივე ერთად. როგორც აღვნიშნე, თუკი 1 კილოგრამით დაიკლებთ, წნევა 1 ერთეულით შემცირდება. თუ 10 კილოგრამით დაიკლებთ, წონაც 10 ერთეულით შემცირდება.
ნატრიუმის ქლორიდის(მარილის) რაოდენობის ყოველდღიურ რაციონში შემცირება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ნატრიუმის ქლორიდი ეს არის მარილი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ და ძალიან დიდი დოზებით ვიღებთ. ნატრიუმის ქლორიდში არსებული ნატრიუმის კატიონი ჩვენს ორგანიზმში წყალს აკავებს. თუ წყალი დაკავდება, სისხლის მოცულობა გაიზრდება და წნევა მოიმატებს. ამიტომ, შეეცადეთ, ნატრიუმის ქლორიდის რაოდენობა შეამციროთ. დღე-ღამეში არა უმეტეს 1 ჩაის კოვზი უნდა მიიღოთ. ჩვენ კი რეალურად, გაცილებით მეტ მარილს მოვიხმართ. შეიძლება დიდი რაოდენობით კიტრის მწნილს, ყველს, ხორცს ვიღებდეთ და ესეც მარილის წყაროა. მამაჩემი მთელი ცხოვრება წნევის დამწევებს სვამდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც წონაში დაიკლო და დიდი რაოდენობით მარილიან საკვებზე უარი თქვა, წნევის მაჩვენებლები, მედიკამენტების გარეშე, ფორმაში ჩადგა. არც უმარილოდ ვარგა ცხოვრება და არც ჭარბი მარილით.
ასევე, მიიღეთ კალიუმით მდიდარი საკვები. მაგალითად, ბანანი, ბროკოლი, ისპანახი, სოკო, კარტოფილი. როდესაც ორგანიზმში კალიუმი შემოდის, ნატრიუმი გადის.
თუ ფიზიკურ აქტივობას გაზრდით და დღეში ეს აქტივობა მინიმუმ ნახევარი საათი იქნება, მოახერხებთ იმას, რომ მაღალ არტერიულ წნევას 8-10 ერთეულით დაწევთ. კვირის განმავლობაში, 5 დღე მინიმუმ ნახევარ-საათიანი ფიზიკური აქტივობით მაინც უნდა იყოთ დაკავებული, თუ გინდათ, რომ წნევამ დაიწიოს.
შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება. მისი კვირაში ერთხელ მიღებაც პრობლემაა.
გაზარდეთ ხილისა და ბოსტნეულის მიღების რაოდენობა. ხილსა და ბოსტნეულში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა კალიუმი. ნატრიუმი კი - ცოტაა. მათი მიღებით ცხოვრების ჯანსაღ სტილს მიეჩვევით.
მაღალი არტერიული წნევა შემთხვევათა 85%-ში იდიოპათიურია. ჩვენ მისი კონკრეტული სამედიცინო მიზეზი არ გვაქვს. მაგრამ, შემთხვევათა 15%-ში მაღალ არტერიულ წნევას კონკრეტული გამომწვევი ჰყავს. ყველაზე ხშირად მას თირკმლის პათოლოგიები იწვევს. თუ ადამიანს თირკმლის არტერიის შევიწროება აწუხებს, ის მეორეული არტერიული ჰიპერტენზიის წამყვანი მიზეზია. ასევე, მიზეზი შეიძლება თირკმელებში მრავლობითი ცისტების არსებობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიები იყოს. ასევე, თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, მისი მკურნალობით წნევაც დაიწყებს კლებას.
მაღალ არტერიულ წნევას არასტეროიდული საშუალებებიც იწვევს. არასტეროიდებში ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები მოიაზრება. თუ ამჩნევთ, რომ კონკრეტული პრეპარატი წნევის ზრდას იწვევს, ექიმს ალტერნატიული საშუალების დანიშვნა სთხოვეთ.
მაღალი არტერიული წნევის ტიპური მიზეზი ანტიდეპრესანტებიცაა. ასევე, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები.
ძილის აპნოე, ხვრინვა ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. თუ ადამიანი ხვრინავს, ხვრინვის პერიოდში სხეულში ჟანგბადის რაოდენობა იკლებს. რამდენიმე წამის განმავლობაში თავის ტვინი საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებს, აქტიურდება სიმპატიკური ნერვული სისტემა და მეორე დღეს მაღალი არტერიული წნევისკენ იქნებით მიდრეკილი. ამიტომ, თუ ხვრინვას მოაგვარებთ, წნევაც მოგვარდება.
ბოლო პერიოდში დარიშხანიც მაღალი არტერიული წნევის საკმაოდ ცნობილი მიზეზი ხდება. თუ წყლიდან, საკვებიდან ყოველდღიურობაში დარიშხანის რაოდენობა იმატებს, ამას შეუძლია, ადამიანი მაღალი არტერიული წნევისკენ მიდრეკილი გახადოს.
მოერიდეთ სტრესს – თუ სულ დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში ყოფნა გიწევთ, მაღალი არტერიული წნევისკენ ხართ მიდრეკილი. სტრესის მოგვარება ყველაზე აქტუალურია, რადგან თუ მას არ მოაგვარებთ, წნევის დამწევების მიღება სულ მოგიწევთ.