რუსთავში კიდევ ერთ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2023-08-22 14:04:02

რუსთავში მე-6 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

სამუშაოების ჩამტარებელი კომპანიის გამოსავლენად ელექტრონული ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

რეაბილიტაციისთვის 6 331 997 ლარია გამოყოფილი.

როგორც ტენდერზე თანდართული დოკუმენტებში ვკითხულობთ: "სკოლის შენობის და ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. გათვალისწინებულია შენობის გადაგეგმარება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება 747 მოსწავლის განთავსება სკოლაში, ასევე გათვალისწინებულია სხვა და სხვა ადმინისტრაციული, ჰიგიენური, საერთო დანიშნულების ოთახების გამოყოფა. ყველა არსებული კედლები და იატაკები სრულად იქნება გასუფთავებული ძველი მოპირკეთებისგან და შეიცვლება ახლით პროექტის შესაბამისად.

ასევე შეცვლას ექვემდებარება შენობის ფასადის მოპირკეთების ელემენტები, გადახურვის ბურული და წყალარინებითი ელემენტები პროექტის შესაბამისად. პროექტით გათვალისწინებულია ლიფტის მშენებლობა შენობის გარე ფასადზე, რაც უზრუნველყოფს შშმ პირთათვის ყველა სართულზე მისაწვდომობას.

გათვალისწინებულია სკოლის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს განათების ბოძების, წყლის სოკოს, გამწვანების, ჩარდახების, სპორტული მოედნის რეაბილიტაციას. ასევე შეიცვლება ეზოში არსებული ასფალტის ბილიკები ახლით. დამონტაჟდება ბეტონის პანდუსები შშმ პირთათვის.

პროექტით გათვალისწინებულია არსებული საქვაბე შენობის დემონტაჟი და ახალი საქვაბე შენობის აშენება"

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები