შილდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ზაიარა არევაძე სკოლაში სასწავლო პროცესის ჩაშლას არ ადასტურებს. სასულიერო პირები მსგავს აქციას რომ გეგმავდნენ, მოსწავლეები მასწავლებლებმა გააფრთხილეს, მასწავლებლების თქმით კი, ეს ინფორმაცია სკოლის დირექტორებისგან მიიღეს.
„დიდი დასვენების ფარგლებში გავიდნენ ბავშვები გარეთ. მამა იოანემ და მამა მარკოზმა კანფეტები ჩამოყარეს ვერტმფრენიდან. მერე ისევ სკოლაში დავბრუნდით და სწავლა გაგრძელდა“, – უთხრა „რეგინფოს“ საბუეს საჯარო სკოლის დირექტორმა ვალენტინა შაბლიკმა.
„მამა იოანემ დამირეკა, ვერტმფრენით გადმოვიფრენთ და ბავშვები გარეთ დაგვახვედრეთ, გავახარებთო. დასვენებაზე ბავშვები ეზოში იყვნენ და კანფეტები ჩამოუყარეს“, – აღნიშნავს ენისელის საჯარო სკოლის დირექტორი კონსტანტინე ცხოვრებაძე.
ყვარლის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის უფროსის ქეთევან ჭიპაშვილის განცხადებით, სკოლებში ვერტმფრენიდან კანფეტების ჩაყრის და კურთხევის შესახებ მან აქციის შემდეგ შეიტყო.
მამა იოანეს თქმით, თვეში ერთხელ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, ისინი ეპარქიის საზღვრებს აკურთხებენ, „ზოგჯერ კი ბავშვებსაც გაახარებენ ხოლმე“: „დღესაც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დაგვეხმარა. გნებავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდით, ყველაფერი იციან. სკოლის დირექტორებს ვთხოვეთ, რომ ბავშვები გარეთ ყოფილიყვნენ, კანფეტები ჩავუყარეთ და დავლოცეთ. მომავალ წელს სხვა სკოლებში ჩავყრით კანფეტებს და ვაკურთხებთ“.
წყარო: reginfo.ge
ფოტო შინაარსობრივად განვათავსეთ