"ფეკალური მასები ამოდის პირველ სართულზე"

2023-07-12 12:32:34

რუსთავში მე-7ა მიკრორაიონში 9 სართულიანი კორპუსის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც ადგილობრივმა ნაზი შველიძემ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის გამო ფეკალური მასები პირველ სართულზე სახლებში ამოდის.

"სულ პრობლემაა. ძალიან ხშირად იჭედება კანალიზაცია. ბინებში პირველ სართულზე ამოდის მასები, ამ წუთშიცაა. რამდენჯერმე შევიტანე კომპანია რუსთავის წყალში განცხადება. ახლაც ჭები სავსეა, ხალხი დაიღალა. გარე ჭა იყო გაჭედილი, შემდეგ კი იჭედება სარდაფებშიც. კომპანიამ ადრე გვითხრა, რომ მოაწესრიგებდნენ. ახლა მოვიდნენ და არაფერი არ არისო გასაკეთებელი. ფეკალური მასები ამოდის პირველ სართულზე ოჯახებში",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ნაზი შველიძემ.

"ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით კომპანია "რუსთავის წყალს" დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მათი ჯგუფი პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე გავა.

"გადავეცით ინფორმაცია და გავა ჯგუფი ადგილზე. ამ ტერიტორიაზე ჩვენ უკვე შევცვალეთ 30 მეტრის სიგრძის წყალარინების სისტემა. ამ ეტაპზე როგორც ფიქსირდება, არის გაბიდვნა. წინა შემთხვევაში რაც დაფიქსირდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით იყო გაჭედილი, რაც საკანალიზაციო სისტემაში არ უნდა ხდებოდეს, თუმცა მოსახლეობის მხრიდან იყო საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩაშვება, გაიწმინდა ქსელი. ახლაც მივლენ და დაეხმარებიან",- განაცხადეს კომპანიაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები