შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტი

2023-06-08 20:27:38

პროკურატურამ არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანი შშმ პირის და მისი მშობლის მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი სოციალური ქსელით პროტესტს გამოთქვამდა შშმ პირების მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, რის გამოც ბრალდებული  სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მას და მის მშობელს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და შშმ პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.