მარნეულის საჯარო სკოლაში განახლებადი და სუფთა ენერგიის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, USAID-ისა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ერთობლივი ლექცია გაიმართა.
საქართველო დაჯილდოებულია ხელსაყრელი გეოგრაფიითა და კლიმატით, რაც განახლებადი ენერგიისთვის მძლავრ პოტენციალს წარმოადგენს - სწორედ ეს პოტენციალი გახლავთ არა მარტო ბუნებრივი უპირატესობა, არამედ კეთილდღეობის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების წინაპირობა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების გამოყენებით. განახლებადი ენერგიის პროექტების წარმატებისათვის, აუცილებელია მათ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაფასება და მიმღებლობლობა. საქართველოში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) ერთობლივი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ლექციები მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიისა და გარემოს დაცვის შესახებ მომავალ თაობაში ცოდნის ამაღლებას. მიზნობრივი ინტერვენციები ახალგაზრდებში მდგრადი გადაწყვეტილებებისა და ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში მათი წვლილის წასახალისებლად არის მიმართული. ხოლო, ახალი იდეები და ტექნოლოგიები მათ კრიტიკული აზროვნების განვითარებაში და ენერგეტიკული პრობლემების მოგვარების ახალი გზების პოვნაში დაეხმარებათ. - სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელეს, შეხვედრაზე, რომელიც, მარნეულში, საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა.