იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. მისივე თქმით, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ, დაიწყო მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა იმას, რომ საქართველო წარმოჩენილიყო ისეთ სახელმწიფოდ, რომელშიც თითქოს ვინმეს აწამებდნენ. მისი თქმით, მათი სურვილი იყო, მიხეილ სააკაშვილი არ დამორჩილებოდა ექიმების რეკომენდაციებს, არ ემკურნალა და შესაბამისად, გაეუარესებინა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც რატი ბეგაძის თქმით, სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანება.
"საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც განუხრელად დგას ადამიანის ღირსების და მისგან მომდინარე ყველა უფლების სადარაჯოზე. თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ ეგუება საქართველოს წარმატებას და მოქმედებს მიზანმიმართულად, რომ ჩრდილი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
მსჯავრდებულ სააკაშვილის შემოსახლების პირველი დღიდან დაიწყო გაურკვეველი წყაროებიდან დაფინანსებული მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა იმას, რომ საქართველო წარმოჩენილიყო ისეთ სახელმწიფოდ, რომელშიც თითქოს ვინმეს აწამებდნენ. ამ მიზნის მისაღწევად ადამიანთა ეს ჯგუფი იმაზეც კი წავიდა, მსჯავრდებული წაექეზებინათ, რომ ჰქონოდა შიმშილობის 4 ეპიზოდი, არ დამორჩილებოდა ექიმების რეკომენდაციებს, არ ემკურნალა და შესაბამისად, გაეუარესებინა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანება.
ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესების მოტივით, თავისუფლების მოპოვების კამპანიის ფარგლებში, სამართლებრივი დავა საქართველოში, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდადებული სააკაშვილის დაცვის მხარისთვის დასრულდა არასასურველი შედეგით. შემდგომში მათ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და საბოლოოდ მოითხოვეს დროებით ღონისძიებად მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანა.
დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეში "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ვარშავაში გადაყვანაზე უარი ეთქვა. ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებასთან. სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველას ღირსეულ თანამშრომელს, რომელიც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებებს, ასევე განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მრავალი შეურაცხყოფისა და ცილისწამების მიუხედავად, განუხრელად ასრულებდა და ასრულებს საკუთარ მოვალეობას და და ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე", - განაცხადა ბრეგაძემ.
სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება. ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება, - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ბრეგაძის განცხადებას.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, მთელი შეგნებული ცხოვრება იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის და "მინდა რომ საქართველომაც კიდევ უფრო ხმამაღლა ამოიღოს ხმა ჩემი, ნიკას, ლაზარეს, ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულის თავისუფლებისთვის".
"მე მინდა, ყველა ჩემმა მომხრემ და საერთოდ საღი აზრის მქონე ყველა ადამიანმა გაიაზროს, რომ უკვე თითქმის ორი წელია მაწამებენ, აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით, სრულიად უდანაშაულოს.
ჩემი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ რუსეთის ცხვირწინ შევქმენი ნამდვილი სახელმწიფო და მყარად შემოვატრიალე ის ევროკავშირისა და ნატოსკენ. ახლა ამას ყველაფერს დიდი საფრთხე ემუქრება და ამიტომაც ვყავარ პუტინის ბრძანებით ციხეში.
ქართველებმა მთელს მსოფლიოში და პირველ რიგში, საქართველოში - უფრო ხმამაღლა ამოიღეთ ხმა ამ უსამართლობაზე!
მე მთელი შეგნებული ცხოვრება ვიბრძვი საქართველოს თავისუფლებისთვის, მინდა რომ საქართველომაც კიდევ უფრო ხმამაღლა ამოიღოს ხმა ჩემი, ნიკას, ლაზარეს, ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულის თავისუფლებისთვის.
მხოლოდ უცხოეთი ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს, დასავლეთი და თავისუფალი სამყარო დაგვეხმარება მხოლოდ მაშინ, თუ დაინახავს ჩვენს შემდგომ შეუპოვარ ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო არ იქნება მხოლოდ უკრაინის იმედზე", - აცხადებს სააკაშვილი.