გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 61 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 3 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 24 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. კახეთში დაფიქსირდა 14 სამართალდარღვევა, მცხეთა-მთიანეთში - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, ქვემო ქართლში - 4, გურიაში - 2, შიდა ქართლში - 1, სამცხე-ჯავახეთშიც - 1. ასევე 1 ფაქტია გამოვლენილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზჭერის 6 და ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 51 ფაქტი.
ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები ინტენსიურად გეგმავენ პრევენციულ ღონისძიებებსაც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია.
მიმდინარე წლის აპრილში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 2800 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. ბადეები ამოღებულია ბაზალეთის ტბიდან, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებიდან, საწირის და ჯაპანის ტბებიდან. პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ასევე, ამოღებულია 22 ერთეული თევზმახე „გოდორი“ და 4 ერთეული ე.წ. ოჩხი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, დეპარტამენტის თანამშომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს, ხოლო, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.