გარყვნილი ქმედება მოსწავლეების მიმართ

2023-05-10 10:54:31

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის მსგავს ქმედებას, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ, - ამის შესახებ ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც უწყება არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების გამო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სკოლა და რესურსცენტრი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ვანის რაიონის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეც ფიგურირებს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესაძლო ჩადენის საქმეში, 5 მაისს დატოვა დაკავებული თანამდებობა.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის მსგავს ქმედებას, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ.

მოგახსენებთ, რომ სკოლა და რესურსცენტრი გამოძიებასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. შესაბამისი უწყების მიერ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც მძღოლის მეუღლეა. სავარაუდო დამნაშავის ოჯახში მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ და მომხდარ ფაქტს დაუჯერებლად მიიჩნევენ. მომხდარზე საუბარი უჭირთ არასრულწლოვნების ოჯახშიც.