რუსთავში, 25-ე და 26-ე საჯარო სკოლების რეაბილიტაციას საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ეხმაურება.
შატაკიშვილის თქმით, დროში გაწელილი სამუშაოების გამო მოქალაქეების უკმაყოფილება მისთვის გასაგებია და საკითხის დროულად გადაწყვეტის მიზნით, შესაბამის სამსახურებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.
"ბავშვებს დიდი შესვენების გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ და ადმინისტრაცია ერთმანეთს თავზე აზის. რომ მივდივარ იქ, ჩემს ძველ სკოლაში, მე-17 სკოლაში, ამ პრობლემას მეც ვაწყდები. ძალიან დიდი პოზიტივია, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გადაზრდილია ნეგატივში.
ჩვენ კომუნიკაცია აქაც არ გვაქვს შეწყვეტილი. გუშინ მომივიდა ინფრასტრუქტურის სამინისტროდან პასუხი ჩემს სადეპუტატო შეკითხვაზე და სეისმომედეგობა პლიუსი იყო ასეთი კომპანია, რომელმაც ვერ გაართვა თავი სამუშაოებს და მასთან კონტრაქტი შეწყვეტილია. რა მიზეზით, ამას არ აქვს მნიშვნელობა, საზოგადოებას ეს არ აინტერესებს. საქმე რომ ვერ გამოდის, რატომ ვერ გამოდის, არც მე მაინტერესებს, რომ მიხსნი რატომ ვერ აკეთებ საქმეს, ეს არ მაინტერესებს. მოქალაქეების გულისწყრომა ჩემთვისაც ძალიან გასაგებია.
ამჟამად მიმდინარეობს ინვენტარიზაცია, რომ ზუსტი ოდენობა განისაზღვროს, რამდენზე უნდა დაკონტრაქტდეს. დაპირება გვაქვს სამინისტროსგან, რომ სექტმებრამდე ეს ყველაფერი უნდა მორჩეს", - განაცხადა შატაკიშვილმა.
შეგახსენებთ, რუსთავში თითქმის წელიწად ნახევარია 25-ე და 26-ე საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.