მეტროში ახალგაზრდას 4 პირი თავს დაესხა

2023-04-28 11:20:35

მოქალაქე აცხადებს, რომ მას მეტროში თავს დაესხნენ. თავდასხმა, სავარაუდოდ, ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა.

როგორც ლუკას აბლოტია Facebook-ზე წერს, ინციდენტი დიდუბის მეტროში მოხდა.

"დიდუბის მეტროში 4 მამაკაცი თავს დამესხა და ჩემზე ფიზიკურად იძალადა. ახლა პოლიციასთან ვარ - სპრეის [წიწაკის სპრეი] გამოყენება მომიწია თავის დასაცავად!", - წერს აქტივისტი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მოგვიანებით, აქტივისტმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ მას მატარებელში შესვლისას თავდაპირველად ერთი ადამიანი დაუპირისპირდა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გარშემომყოფებს მასზე ძალადობისკენ მოუწოდებდა. აბლოტია აღნიშნავს, რომ მოგვიანებით ხსენებულ პირს კიდევ 3 ადამიანი შეუერთდა.

"ავედი თუ არა მეტროს ვაგონზე პიდარასტი მომაძახა და შემდეგ მუქარაზე გადავიდა. როცა ხელის დასარტყამად გამოიწია 2-3-ჯერ გავაფრთხილე სპრეის გამოვიყენებთქო, მაგრამ არ დამშვიდდა. ხალხს მოუწოდებდა ჩემს ჩასაქოლად და მოსათხოვად. მერე სპრეის გამოყენების ვალდებულება გაჩნდა, უშუალოდ მაშინ, როდესაც ეს პიროვნება თავდასხმას აპირებდა. სპრეის გამოყენების შემდეგ ამ მოძალადეს გამოესარჩლნენ და მეტროში სულ წიხლები და ხელები მირტყეს ჯგუფურად.

ამ ქვეყანაში ჩემთვის ყოფნა დღითიდღე უარესდება - სახიფათოა და სიცოცხლეს ვრისკავ, მაგრამ ბრძოლას აქვს აზრი... ამ საქმესაც ბოლომდე მივიყვან და პასუხს აგებს ეს მოძალადე და სხვებიც ვინც ჯგუფურ ძალადობაში იღებდნენ მონაწილეობას. ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მეტრო-ვაგონში განიცადა დისკომფორტი წიწაკის სპრეის გამოყენებისას, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და უსაფრთხოების და ფიზიკური ჯანმრთელობის, მათ შორის "სიცოცხლის მოსპობის სავარაუდო მცდელობის წინაშე ვიდექი". სამართალს ვითხოვ მეტს არაფერს ! უნდა შემეძლოს თავისუფლად სიარული და ტრანსპორტის გამოყენება!", - წერს ქვიარ აქტივისტი.