მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებს ჩაკეტილი აქვთ კანცელარიის შენობის შესასვლელი.
მეექვსე დღეა ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
"შეგხვდით და მოგვისმინეთ გაუბედურებულ მშობლებს. გამოხატეთ ჩვენს მიმართ სოლიდარობა და შეგვხვდით",- ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
შეგახსენებთ, რომ მშობლები შვილებისთვის საჭირო წამლის დაფინანსება სურთ და აცხადებენ, რომ მედიკამენტი "ვოსორიტიდი" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის, მის მიღებას კი მხოლოდ 14-16 წლის ასაკამდე აქვს შედეგი.
საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმაც: "200 ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში, არცერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტით მკურნალობას, და ჩვენ გვეუბნებიან, 200 ქვეყნიდან საქართველო იყოს გამონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, რაღაც პოპულისტურად, ჩვენ ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც, რა თქმა უნდა, არის დაუშვებელი. ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ალბათ ამ 10 მილიონს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ვუყურებთ კანონებს, წესებს და რა თქმა უნდა, ვეყრდნობით უფრო კვალიფიციურ აზრს და აზრებს".