ბანკიდან ბანკში გადარიცხვა უქმე დღესაც 10 წამში შეგეძლებათ

2023-04-15 11:32:58

საქართველოში საბანკო გადახდების სიჩქარე სამუშაო საათის თუ დასვენების დღის მიუხედავად, 10 წამამდე დაჩქარდება.

ამას ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის რეფორმა ითვალისწინებს. საუბარია ბანკიდან ბანკში თუ ბანკის შიდა გადარიცხვებზე.

მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა შესაბამისი ტენდერი, რომლითაც სებ-ი პრეტედენტ კომპანიებს საკუთარი სისტემების შეთავაზებისთვის იწვევს. განაცხადის თანახმად საუბარია ტექნიკურ და IT ინფრასტრუქტურაზე, ასევე ტრენინგსა და საგარანტიო მომსახურებაზე, რაც ამ სისტემის დანერგვისთვის არის აუცილებელი.

პროექტის მთლიანი ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს და ის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 85 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტის ნაწილია.

სებ-ის განმარტებით, მთლიანად რეფორმას სავარაუდოდ 2 წელი დასჭირდება.

პროექტი მოიცავს:

• მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვას და ტექნიკური მხარდაჭერას. ღირებულება დაზუსტდება გამოცხადებული ტენდერის შედეგების შესაბამისად;

• არსებული დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS (Real Time Gross Settlement)) სისტემის ძირეულ განახლებას;

• მყისიერი გადახდების სისტემის აპარატულ მოწყობილობას;

• სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებას;

• ტექნიკურ დახმარებას;

2023 წლის 17 თებერვალს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, შესყიდვის რეალური ღირებულება დადგინდება ყველაზე დაბალი ფასის მქონე წინადადების შესაბამისად.