გომთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავარიის შემდეგ დაშავებული დედა-შვილი ხაშურის "გორმედში" იყვნენ გადაყვანილი, თუმცა როგორც კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პაციენტებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდათ და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნავენ, რომ ქალს შინაგანი სისხლდენა ჰქონდა და საავადმყოფოში შეყვანისთანავე გარდაიცვალა. რაც შეეხება შვილს, ექიმების ინფორმაციით, მას ქალა-ტვინის უმძიმესი დაზიანება აღენიშნებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გომთან დილით მოხდა. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც, ჯამში, 6 პირი დაშავდა.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 1 პაციენტი საჩხერის კლინიკაში გადაიყვანა, მას თავის ტრავმა აღენიშნებოდა.
რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, თვითმხილველების თქმით, მათ სამედიცინო დაწესებულებებს თვითდინებით მიმართეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.