ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩებზე, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ამ ეტაპზე, პროექტის სამივე მონაკვეთზე, სარწყავი სისტემის და ელექტროგაყვანილობის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
1 805 000 ლარის ღირებულების პროექტი სამივე ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას, საავტომობილო გზის, ტროტუარებისა და დამატებითი მწვანე სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს.
კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩებზე დაწნეხილი ბეტონის ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა ბორდიურები, გარე განათების ქსელი, მწვანე სივრცეები და სარწყავი სისტემა.
როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, პროექტი მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად დაიგეგმა.
სამივე ქუჩა, სადაც პროექტის მიხედვით გზების და ტროტუარების მოწყობაა გათვალისწინებული, ძველ რუსთავში მდებარეობს და ეს კიდევ ერთი ეტაპია ძველი რუსთავის ისტორიული უბნების რესტავრაციის პროცესში.
პროექტი გარდამავალია და 2023 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.