"რუსთავის კორპუსისა" და "რუსთავის წყლის" ერთობლივი მონიტორინგის ფარგლებში, 60-ზე მეტი კორპუსის პრობლემები იქნა შესწავლილი.
რუსთავის მერის ინიციატივით, ა(ა)იპ "რუსთავის კორპუსი" და კომპანია "რუსთავის წყალი" პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, საცხოვრებელ კორპუსებში სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემების ერთობლივ მონიტორინგს, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.
ჯგუფის წევრებმა, დღეისათვის 60-ზე მეტ საცხოვრებელ კორპუსში და შიდა ეზოებში მოახდინეს სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემების მდგომარეობის შესწავლა და ადგილზე არსებული პრობლემების აღნუსხვა.
"კომპანია "რუსთავის წყლის" წარმომადგენლებთან ერთად, მონიტორინგის ჯგუფის წევრები შარტავასა და მეგობრობის გამზირების, თოდრიასა და მესხიშვილის ქუჩების, მესხიშვილის პირველი და მეორე გასასვლელების მოსახლეობას შევხვდით და ინფორმაცია უშუალოდ მათგან მოვისმინეთ. ქალაქის მერის ინიციატივით დაწყებული კამპანია, საცხოვრებელი კორპუსების დაზიანების პრევენციას და არსებულ პრობლემებზე დროულ რეაგირებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა "რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელმა დავით ხაჩიძემ.
პროცესში რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატებიც არიან ჩართული. ერთობლივი მონიტორინგის კამპანია, 13 თებერვალს დაიწყო და მთელ ქალაქს მოიცავს.
პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ, შიდა წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას "რუსთავის კორპუსი" განახორციელებს, ხოლო გარე პერიმეტრზე არსებულ დაზიანებებს კომპანია "რუსთავის წყალი".