ინფრასტრუქტურული პროექტები რუსთავში

2023-02-15 13:41:21

რუსთავში შიდასაუბნო სივრცეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

რუსთავში, შიდასაუბნო სივრცეების კეთილმოწყობის და ახალი რეკრეაციების შექმნის მიზნით დაწყებული პროექტები გრძელდება. სკვერის მოწყობის სამუშაოები ამჟამად ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩეხოვის ქუჩაზე მიმდინარეობს.

1570 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მწვანე კუნძულები, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედანი, და ფანჩატურები კეთდება. ახალი რეკრეაცია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სკვერის მოწყობის სამუშაოებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად გაეცნო.

"რუსთავში ვაგრძელებთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებას. ცენტრალური ქუჩების პარალელურად, პროექტები ხორციელდება შიდასაუბნო სივრცეების მოსაწყობადაც. ამ ტერტორიაზე, 1600-მდე  კვადრატულ მეტრ ფართობზე, ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ჩეხოვის ქუჩის ეს ნაწილი, ფაქტიურად უფუნქციო იყო და ჩვენ მოსახლეობასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ აქ ახალი ღია საზოგადოებრივი სივრცე შგვექმნა.  სამუშაოების დასრულების შემდეგ, ამ უბნის მოსახლეობას,  როგორც სპორტული მოედანი, ასევე  საბავშვო- გასართობი და კომფორტული დასასვენებელი სივრცეც ექნება", -განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ზურაბ ტაბაღუამ განაცხადა, ახალი რეკრეაციის მოწყობის სამუშაოები ჩეხოვის ქუჩაზე აპრილის ბოლოს დასრულდება.

"ჩვენ ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან და ეს სკვერიც სწორედ მათთან შეთანხმებით დაიგეგმა. მნიშვნელოვანია, ცენტრალური ქუჩების პარალელურად ქალაქის შიდა უბნებიც მოწესრიგდეს და სულ მალე, ჭყონდიდელის დასახლების ამ უბანს კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე შეემატება", - განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების"  წევრმა ზურაბ ტაბაღუამ.

ამ ეტაპზე, ახალ სკვერში, მწვანე ზონების და ბილიკების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები და განათების სისტემა. დაწყებულია დეკორატიული ღობის მოწყობაც. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.