იცოდი? - რუსთავის პირამიდის ისტორია

2023-02-18 11:30:17

იცოდი? - რუსთავის პირამიდის ისტორია.

ჩვენს ქალაქში, ვფიქრობ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც პირამიდის შესახებ არ იცის, მაგრამ, ალბათ, ცოტამ თუ იცის, საიდან გაჩნდა მისი გაკეთების იდეა და რა იყო იქამდე იმ ადგილზე, სანამ პირამიდის კონსტრუქცია განთავსდებოდა.

ახალგაზრდების უმრავლესობას პირამიდა რკინის იმ ჩონჩხად იცნობს, როგორც ახლა გამოიყურება.

მათ მეხსიერებაში არ იქნება შემორჩენილი, რომ პირამიდის რკინის კონსტრუქციები მინით იყო დაფარული.


იქამდე, სანამ ცენტრალური პარკის შესასვლელის წინ პირამიდა გაკეთდებოდა, დელფინების მონუმენტი და შადრევანი იყო.


სწორედ ამ ადგილზე ახალგაზრდული ელექტრონული კლუბის შექმნა უნდოდა არქიტექტორ თემურ ტაილურს, რომელმაც მონახაზებიც გააკეთა.

საბოლოოდ მაინც გადაწყვეტილი არ იყო, რა განთავსდებოდა იმ ადგილზე, სადაც წინათ შადრევანი იყო.

1996-1997 წლებში არქიტექტორი თემურ ტაილური ლუდხანაში რამდენიმე ადამიანთან ერთად განიხილავდა ამ საკითხს, რა დროსაც ერთ-ერთს, ზურაბ სვანიძეს სწორედ პირამიდის იდეა დაებადა.

პროექტი გაკეთდა, მაშინდელ ქალაქის მერთან, მერაბ ტყეშელაშვილთან შეთანხმდა და 1999 წლისთვის მისი რეალობად ქცევა დაიწყო.

პირამიდის ფუნქცია თავიდანვე განსაზღვრული იყო, აქ უნდა ყოფილიყო კულტურული ცენტრი.

ფაქტია, რომ პირამიდა აშენდა, თუმცა ჩაფიქრებული ფუნქცია დღემდე არ შეუსრულებია.  

დროთა განმავლობაში მხოლოდ ლითონის კონსტრუქციად იქცა, ბეტონის საძირკვლით, რომლის შესასვლელთანაც კიდევ ერთი, შედარებით მცირე ზომის ლითონის პირამიდა დგას.


2020 წელს რუსთავის პირამიდა აუქციონზე გაიტანეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები