იცოდი? - ახალ რუსთავში განთავსებული შოთა რუსთაველის ძეგლის ისტორია?
დიდი გენიოსი ქართველი პოეტისა და მოაზროვნის ცხოვრება იდუმალია, მის შესახებ დაზუსტებით თითქმის არაფერი ვიცით. ისტორიკოსთა მოსაზრებები გაყოფილია მისი წარმოშობის შესახებაც, ზოგისთვის ის ჩვენი ქალაქის მკვიდრი უნდა ყოფილიყო და ამ აზრის განსამტკიცებლად არგუმენტებიც აქვთ, რის შესახებაც შევეცდები "იცოდის" შემდეგ ნაწილში გესაუბროთ.
თუმცა, თავად პოეტისგან განსხვავებით, დაზუსტებით ვიცით ქალაქის ცენტრში არსებული მისი ქანდაკების ისტორია.
მონუმენტის ავტორი მოქანდაკე და მხატვარი კონსტანტინე მერაბიშვილია.
მერაბიშვილმა 1937 წელს შოთა რუსთაველის ძეგლის კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც რუსთაველის ძეგლი გოდონის ქვისგან გამოაქანდაკეს და 1942 წელს თბილისში რუსთაველის გამზირზე დადგეს.
1989 წელს თბილისში განთავსებული გოდონის ქვისგან გამოქანდაკებული შოთა რუსთაველის მონუმენტი ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ქანდაკებით შეცვალეს, თავდაპირველი ვერსია კი რუსთავში წამოიღეს.
რუსთავში ჩამოტანის შემდეგ ქანდაკება კოსტავას გამზირზე, პირამიდას მოპირდაპირედ არსებულ სკვერში დადგეს.
20 წლის შემდეგ, 2009 წელს ქანდაკებისთვის ადგილმდებარეობის შეცვლა გადაწყვიტეს, რისთვისაც მეგობრობის გამზირის დასასრული და შარტავას გამზირის დასაწყისი შეირჩა.
ამავე წელს ძველი რუსთავიდან ახალ რუსთავში გადმოტანილი რუსთაველის მონუმენტი საზეიმო ვითარებაში გახსნეს.