პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით უქმე დღეებად განისაზღვრა.
შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა აცრცელებს.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.
დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
ამასთან, აღნიშნული დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
კალენდრის თანახმად, მუშაობა საჯარო სექტორში 9 იანვრიდან განახლდება.