სეზონური ვირუსული ინფექციების სიჭარბის ფონზე გამოიკვეთა პრობლემა, რომ მოსახლეობა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ხშირად ტესტს COVID-ზე დროულად აღარ იკეთებს, შედეგად კი, კლინიკებში დაგვიანებული შემთხვევებით მიმართვებმა მოიმატა.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი.
ცერცვაძე საზოგადოებას რესპირაციული სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე COVID-ზე ტესტის ჩატარებას ურჩევს.
"დღეს საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში ფიქსირდება გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების (რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი და სხვ.) გახშირებული რაოდენობა. პაციენტების, განსაკუთრებით ბავშვების, მომართვა გაზრდილია, კლინიკები გადატვირთულია. ეს ინფექციები ზოგჯერ მძიმედ მიმდინარეობს და სერიოზულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. მათ შესაძლოა გამოიწვიონ სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და ასაკოვან (65 წელზე ზემოთ) პირებში, აგრეთვე მათში, ვისაც აქვს სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები და იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. ეს ასე იყო წინა წლებში და ალბათ ასე იქნება მომავალშიც."
რაც შეეხება კორონავირუსის მიმდინარეობას, ცერცვაძის თქმით, საქართველოში ბოლო თვეებში აღინიშნება COVID-ის ახალი და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილური კლება.