იცოდი? - ვინ არიან რუსთავის დამპროექტებლები

2022-12-03 15:54:40

რუსთავის ხელახალი დაბადებიდან თითქმის ორ თვეში 75 წელი შესრულდება.

ჩვენი ქალაქი, როგორც ქალაქი, რომ 75 წელზე მეტისაა "იცოდის" წინა ნაწილებში უკვე ვისაუბრეთ.

ამჯერად მოგიყვებით, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც მე-20 საუკუნის 40-იან წლებში რუსთავი დააპროექტეს და მის გენ-გეგმაზე იმუშავეს.

ქალაქის დაპროექტებაზე არქიტექტორთა დიდი ჯგუფი მუშაობდა, თუმცა გენ-გეგმის შემუშავებაზე 1944-1956 წლებში მიხეილ ნეპრინცევის ხელმძღვანელობით დიმიტრი მელიქიშვილი, ზაქარია ქურდიანი, ივანე ჩხენკელი და ლ. კობალაძე მუშაობდნენ.

მიხეილ ნეპრინცევი 1877 წელს 22 აგვისტოს თბილისში დაიბადა.

საშუალო განათლება მიხეილ ნეპრინცევმა მიიღო თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1896 წელს. ამავე წელს იგი გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც ჩააბარა მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტში.

1900-იანი წლების ზაფხულში, როგორც პრაქტიკანტი, მუშაობდა თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაზე. 1902 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (ერთი წელი სტუდენტურ გაფიცვაში მონაწილეობის გამო გაუცდა)  მ. ნეპრინცევი დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო არქიტექტორად თბილისის საფოსტო-სატელეფონო ოლქში.

ნეპრინცევის დაპროექტებულია ქალაქში არქიტექტურულად ერთ-ერთი გამორჩეული შენობა, რუსთავის თეატრი.

დიმიტრი მელიქიშვილი 1919 წლის 19 აგვისტოს ქალაქ ცხინვალში დაიბადა.

1942 წელს არქიტექტორობის სპეციალობით საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი დაამთავრა. 1945 წლიდან ჩართული იყო როგორც მარცხენა, ასვე რუსთავის მარჯვენა სანაპიროს დაპროექტებაში.

1946 წელს მელიქიშვილის დაპროექტებულია რუსთავის სტადიონი.

მისივე დაპროექტებულია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გამაჯანსაღებელი კომპლექსი იაღლუჯის მთაზე, რუსთავის მარცხენა და მარჯვენა ნაპირზე განლაგებული 55 საცხოვრებელი კვარტლის დაგეგმარება, 120-ბინიანი საცხოვრებელი სახლი რუსთავში და სხვა.

ივანე ნოეს ძე ჩხენკელი 1910 წლის 16 სექტემბერს ბათუმში დაიბადა.

1933 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1955–1958 წლებში საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანია. 1959 წელს დაინიშნა  თბილისის მთავარ არქიტექტორად და აღნიშნული თანამდებობა 13 წლის განმავლობაში ეკავა.

მან ნეპრინცევთან და მელიქიშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა მარჯვენა სანაპიროს, ახალი რუსთავის დაპროექტებაში.

ზაქარია ქურდიანი 1909 წლის 14 ივნისს აშხაბადში დაიბადა.

ზაქარია ქურდიანმა 1932 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-არქიტექტორის სპეციალობით.

პროფესიული მოღვაწეობა დაიწყო 1926 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში, სადაც მუშაობდა 28 წლის განმავლობაში. იგი 1944-1953 წლებში იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი.

ის მონაწილეობდა რუსთავის მარცხენა სანაპიროს დაგეგმარებაში.


 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები