"მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა შეუძლებელია"

2022-12-01 12:17:01

ცენტრ "ემპათიას" ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

როგორც ცენტრ "ემპათიას" დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც.

"გამოსაკვლევ პირს აღენიშნება 20 ზე-მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო - კომპლექსი, აქედან წამყვანია დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. აღნიშნული ძირითადი დიაგნოზები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

ცენტრი "ემპათიას" და საერთაშორისო ექსპერტების საექსპერტო კომისია კლინიკური და პარა-კლინიკური კვლევების, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ: ამგვარად, დაპატიმრების წინ (01/10/2021) პაციენტი იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი, აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია, სიტუაციურად იღებდა სიმპტომურ პრეპარატებს; ასევე შფოთვით - დეპრესიული მდგომარეობის გამო, რაც განუვითარდა პოსტ - კოვიდურ პერიოდში (2020 – 2021) იღებდა გარკვეულ პრეპარატებს მცირე დოზებით, პერიოდული წყვეტით; აღნიშნული მკურნალობის ფონზე თავს გრძნობდა კარგად, სოციალური ფუნქციონირების დარღვევას ადგილი აქ ჰქონდა. იკვებებოდა სრულფასოვნად. რაიმე სახის ნევროლოგიურ დარღვევას ადგილი არ ჰქონდა.

ამჟამად გამოსაკვლევ პირს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზების (ნეირო - ფსიქიკური, გასტრო-ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ), აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები",- აღნიშნულია "ემპათიას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ცენტრი "ემპათია" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს.

როგორც „ემპათიაში“ აღნიშნავენ, აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიური ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ცნობით, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.