იცოდი? - ლეგენდა რუსთავის დაარსების შესახებ

2022-11-19 14:30:49

იცოდი? - ლეგენდა რუსთავის დაარსების შესახებ.

არქეოლოგიურად უკვე დადასტურებულია, რომ ჩვენი ქალაქის ტერიტორიაზე სამოსახლოები ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს პერიოდში, ძვ.წ.აღ.-ით XVIII-XVII საუკუნეებში არსებობდა.

თუმცა რუსთავი, როგორც ქალაქი მოგვიანებით ჩნდება ისტორიის ასპარეზზე.

ნახევრად ლეგენდარული ცნობით, ლეონტი მროველის "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, რუსთავი უნდა დაეარსებინა ქართველი ეთნარქი მეფის, ქართლოსის ცოლს, რომლის სახელიც საისტორიო ცნობებს არ შემოუნახია.

"ცოლმან მისმან აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი“,- წერს ლეონტი მროველი.

ისტორიისთვის უცნობია ქალაქის დაარსების ზუსტი თარიღიც და სახელწოდებაც, რომელიც იმ პერიოდში ერქვა.

ქართლოსის ცოლმა ქალაქი მდინარე არაგვს, მტკვრის და იორს შორის მდებარე ვრცელ მიწა-წყალთან ერთად ერთ-ერთ შვილს კუხოსს გადასცა.

ლეონტი მროველი რუსთავს იმ ქალაქებს შორის მოიხსენიებს, რომელიც ძვ.წ IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის დროს არსებობდა.

ქალაქის სახელწოდებად "რუსთავი" მოგვიანებით, IV საუკუნეში ჩნდება, როცა ქართლის მეფემ თრდატ რევის ძემ ამ ტერიტორიაზე გაიყვანა არხი, დღევანდელი მარის არხი.


ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს არხი თრდატ მეფემდეც არსებობდა და მან იგი არა გაიყვანა, არამდე აღადგინა.

სწორედ ციხისა და არხის, რუს გარშემო გაშენდა ქალაქი და წარმოიშვა მისი სახელწოდება "რუსთავი". ამავე პერიოდში აშენდა პირველი მართლმადიდებლური ეკლესიაც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები