იცოდი? - როდის დაარსდა რუსთავის თეატრი

2022-11-12 13:21:02

იცოდი? - რომ რუსთავის თეატრი 1967 წლის 30 ნოემბერს გაიხსნა და წელს 55 წლის თავს აღნიშნავს.

ჩვენი ქალაქის თეატრის ისტორია კი კოტე მარჯანიშვილის თეატრში ძველ და ახალ თაობებს შორის დაპირისპირებით იწყება, რის გამოც თეატრი 26-მდე ახალგაზრდა მსახიობმა დატოვა.

თეატრიდან წამოსულმა მსახიობებმა გიგა ლორთქიფანიძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით რუსთავში სახელმწიფო დრამატული თეატრი დააარსეს.

26 ახალგაზრდაში ისეთი დიდი მსახიობები იყვნენ როგორებიც არიან: ოთარ მეღვინეთუხუცესი, ქეთევან კიკნაძე, ლეილა შოთაძე, თამარ სხირტლაძე, გურანდა გაბუნია, ზაზა ლებანიძე, ია ხობუა, მედეა ბიბილეიშვილი, თენგიზ არჩვაძე, ნოდარ მგალობლიშვილი, რეზო ხობუა, მალხაზ გორგილაძე, გივი ბერიკაშვილი, თენგიზ მაისურაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, ჯემალ გაგნიძე, ლეო ანთაძე, კოტე თოლორაია, გიზო სიხარულიძე, სოსო გოგოიჩაიშვილი, შოთა სხირტლაძე, ჯემალ მაზიაშვილი და სხვები.

პირველი სპექტაკლი კი, რომელიც მაყურებელმა რუსთავის თეატრის სცენაზე იხილა გიგა ლორთქიფანიძის მიერ დადგმული ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“ იყო.

სპექტაკლმა და გახსნის ცერემონიამ ოვაციების ფონზე ჩაიარა. ამას გვატყობინებს სერგო ზაქარიაძე თავისი წერილით, სადაც წერს, რომ: "ფარდის ახდა ადვილია, მისი შენარჩუნებაა ძნელი. თუ ათი წლის შემდეგ კვლავ აიხდება ფარდა ამ თეატრის სცენაზე, მაშინ ვიტყვი, რომ დღევანდელი ოვაციები, ყვავილები და სიხარული ფუჭი არ ყოფილა"

ოვაციები და ყვავილები ნამდვილად არ გამოდგა ფუჭი. რუსთავის თეატრმა არნახული პოპულარობა და აღიარება მოიპოვა, როგორც ქვეყნის ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

ფიროსმანის ქუჩაზე არსებული შენობის, რომელშიც თეატრი განთავსდა, მშენებლობა 1940-იანი წლების ბოლოს 1950-იანების დასაწყისში დაიწყო და სამშენებლო პროცესი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ავტორი არქიტექტორი და რუსთავის გენ-გეგმის ავტორი, მიხეილ ნეპრინცევი იყო.

ამ შენობის აშენება 1946 წელს დამტკიცებული რუსთავის გეგნგეგმის მიხედვით უკვე გათვალისწინებული იყო. ძირითადი სამშენებლო პროცესი 1955-1956 წლისთვის უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო.


თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქში არქიტექტურულად გამორჩეული ერთ-ერთი ნაგებობაა, რომლის ფუნქციაც თავიდანვე განსაზღვრული იყო. აქ უნდა ყოფილიყო კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.

შენობის პროექტირებაში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა, რაც ერთ-ერთი ფაქტორი იყო დიდხნიანი მშენებლობის პროცესის.

იქამდე სანამ ამ შენობაში რუსთავი თეატრი დაიწყებდა ფუნქციონირებას, "მეტალურგთა კულტურის სასახლე" ერქვა, სადაც მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებული ადამიანები კულტურულ განათლებას ღებულობდნენ.

ამ შენობაში დრამატული წრეები და სახალხო თეატრიც ფუნქციონირებდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები