ავტომობილი 5 წლის ბავშვს შეეჯახა

2022-10-13 18:39:07

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 წლის ბავშვი დაშავდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბავშვს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებული მცირეწლოვანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ჯერ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტი ასაკისა და მიღებული ტრავმების სიმძიმისგან გამომდინარე, სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას საჭიროებდა.

"მდგომარეობა იყო მძიმე, ამიტომაც მოხდა გადაყვანა სპეციფიურ კლინიკაში, რომ პედიატრიული პროფილი ჩართულიყო. ჩვენთან ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკიდან წავიდა სრულად დიაგნოსტირებული. იყო თირკმლის ტრავმული დაზიანება ჰემატომით", - აცხადებს თეა გელაშვილი.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში საინფორმაციო სააგენტოს უთხრეს, რომ 5 წლის გოგონა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები