ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება

2017-10-06 21:57:20

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება 2018 წლის პირველი იანვრიდან სავალდებულო გახდება. თავდაპირველად მაღალი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები შემოწმდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის დირექტორი მიხეილ ხმალაძე აცხადებს,  მსუბუქი ავტომობილის ტექდათვალიერება ერთჯერადად 60 ლარი ეღირება. შემოწმების პერიოდულობა კი სხვადასხვა ავტომობილისთვის განსხვავებული იქნება. კერძოდ, 4 წლამდე ასაკის მანქანების მფლობელები ამ ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან, 4-დან 6 წლამდე ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 2 წელიწადში ერთხელ , უფრო ასაკოვანი მანქანების შემოწმება კი ყოველწლიურად მოხდება.

ტექდათვალიერების ამოქმედებისას გამოქვეყნდება გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ავტომფლობელები ვალდებულნი იქნებიან, საკუთარი მანქანები ინსპექტირების ცენტრში მიიყვანონ. ამისთვის მათ ერთთვიანი ვადა ექნებათ, ვადის გადაცილების შემთხვევაში კი დაჯარიმდებიან.

ტექდათვალიერებისას მარჯვენასაჭიან ავტომობილებისთვის სტანდარტული შემოწმების გარდა, სავალდებულო ხდება სპეციალური სტიკერების გამოყენებაც. ცნობილია ისიც, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილის ტექდათვალიერების შემდეგ, ამ მანქანაზე საჭის მარცხნივ გადატანა აკრძალული იქნება.