ახალგაზრდა ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა

2022-09-07 18:37:37

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა. რა გახდა 33 წლის ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

ადგილობრივები მომხდარის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა ორ ვერსიაზე საუბრობენ.

მათი თქმით, შესაძლოა, 5 შვილის დედას ბენზინი მეუღლემ შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მეორე ვერსიით, ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა, ცეცხლის ჩაქრობას მეუღლეც შეეცადა და მანაც დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული.

რაც შეეხება ქალს, კლინიკაში გადაყვანისას ის კონტაქტური იყო, თუმცა, გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას სხეულის 35 პროცენტი ჰქონდა დამწვარი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და 11 პრიმა 188-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) მუხლებით დაიწყო.

უწყების განმარტებით, ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შესულა.

მომხდართან დაკავშირებით გამოკითხული არიან ფაქტის შემსწრე ოჯახის წევრები, გრძელდება საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.