რუსთავის მერს ახალი მრჩეველთა საბჭო ჰყავს

2022-09-03 11:39:43

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მრჩეველთა ახალი საბჭო მოიწვია. მერის სათათბირო ორგანო, ახალი შემადგენლობით პირველად შეიკრიბა. მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა, ნინო ლაცაბიძემ უკვე მიმდინარე და შესრულებული პროექტების პრეზენტაციით დაიწყო. მერის ახალი სათათბირო ორგანო, სხვადასხვა პროფესიის ისეთი რუსთაველებით არის წარმოდგენილი, რომლებსაც ქალაქის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, აქტიური მონაწილეობა აქვთ მიღებული რუსთავის განვითარებაში. ,,ჩვენ დღეს ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. რუსთავი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და რუსთაველების აზრის გაზიარება ამ პროექტების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. ჩამოყალიბდა საბჭო, რომელიც დღეს პირველად შეიკრიბა და ვფიქრობ, ამ ადამიანების გამოცდილება, სწორ მიმართულებას მოგვცემს იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებსაც ერთად დავგეგმავთ."- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. ქალაქის ყოფილი მერები, მშენებლები, მეტალურგები, ექიმები, ქიმიკოსები, პედაგოგები, რომლებიც რუსთავის მერიის სათათბირო ორგანოში მუშაობას დღეიდან შეუდგებიან, ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი. ,,ვფიქრობ რომ ძალიან საჭირო ინსტიტუტია. ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული სახის გამოცდილება სხვაფასხვა სფეროში. შევეცდებით სწორი რჩევა მივცეთ, რომელსაც ვფიქრობ, რომ გაითვალისწინებენ"' - განაცხადა რუსთავის მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ღვამბერიამ. შეხვედრას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლები, მერის მოადგილეები და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მერის სათათბირო ორგანო, კანონის შესაბამისად, მინიმუმ 3 თვეში ერთხელ უნდა შეიკრიბოს.