სა-და - საფლავების დასუფთავების გამარტივებული სერვისი იქნება, რომელიც ჯერ კახეთის რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.
ეს იქნება ციფრული ვებ -პლატფორმა ადამიანებისთვის, ვისაც სურს , რომ ახლობლების საფლავები ჰქონდეს მუდმივად მოვლილი, და ამასთან, ვერ ახერხებენ მათზე ზრუნვას დროის სიმცირის, ასაკის, მანძილის თუ, ტრანსპორტის უქონლობის გამო.
იდეის ავტორები კახეთში მცხოვრები 5 ახალგაზრდა: ნათია სააკაშვილი, თინათინ მაისურაძე, გიორგი მაისურაძე, ელენე მაისურაძე და მარიამ ოსიაშვილი არიან.
ახალგაზრდებმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან (GITA) 30 000 ლარიანი გრანტი მიიღეს, რომელიც საქმიანობის დროულად დაწყებაში დაეხმარებათ.
"შემოდგომიდან საფლავების დასუფთავების გამარტივებული სერვისის გაციფრულება იგეგმება. დაახლოებით ერთ წელიწადში კი სერვისის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი. უახლოეს 2 თვეში შეიქმნება ციფრული ვებ-პლატფორმა ადამიანებისთვის, ვისაც სურს ახლობლების საფლავები მუდმივად მოვლილი ჰქონდეს. კომპანია მხოლოდ კახეთის სრულად მოცვისთვის, დაახლოებით, 100 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, შედეგად, კომპანია სხვადასხვა საგრანტო კონკურსებში მონაწილეობას პერმანენტულად აპირებს. სერვისის ფარგლებში გაიყიდება ერთჯერადი და მრავალჯერადი პაკეტები, რომლის ტარიფებზეც მუშაობა (კალკულაცია) ახლა მიმდინარეობს",- აცხადებს იდეის ერთ-ერთი ავტორი მარიამ ოსიაშვილი.
მისი განცხადებით, სამომავლოდ, გეგმავენ ყვავილების მაღაზიებთან თანამშრომლობასაც.
მათივე თქმით, იდეის დამუშავებამდე მათ ბაზრის კვლევა განახორციელეს.
"ბაზრის კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ საქართველოში მსგავსი სერვისი არ არსებობს. მომხმარებელს შევთავაზებთ როგორც მსუბუქ, ისე სიღრმისეულ დასუფთავებას. ადამიანები, რომლებიც არ იმყოფებიან ქვეყანაში და ქალაქში ან, უბრალოდ, არიან ძალიან დაკავებულები, შეეძლებათ ძალიან მარტივად გააკეთონ შეკვეთა, რომელსაც ჩვენი მობილური ჯგუფები შეასრულებენ. საბოლოოდ კი, დამკვეთს შესრულებული სამუშაოების ფოტოებიც გადაეგზავნება", - აცხადებს ოსიაშვილი.
იდეის ერთ-ერთი ავტორი, ნათია სააკაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, როდესაც დედა გარდაეცვალა, საფლავზე ხშირად უწევდა მისვლა, რა დროსაც მან აღმოაჩინა, რომ საფლავების დიდი ნაწილი დასასუფთავებელი იყო. აღნიშნული სერვისის შექმნის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა.
მისი თქმით, მსგავსი სერვისი სხვა ქვეყნებში წარმატებით მუშაობს.
"რამდენიმე წლის წინ დამეღუპა დედა და როდესაც საფლავზე ინტენსიურად დავიწყე სიარული, აღმოვაჩინე, რომ დასასუფთავებელი იყო თითქმის ყველა საფლავი. ამის შემდეგ გადავწყვიტე, მეგობრებთან ერთად, რომ ამ მასშტაბური პრობლემის მოგვარებაზე მეზრუნა. მოვიკვლიეთ, რომ საქართველოში არ არსებობს საფლავების დასუფთავების გამართული სერვისი და მითუმეტეს, მისი ციფრული ვერსია. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს თავისუფალი ნიშა დაგვეკავებინა. მალე პლატფორმის შექმნაზე მუშაობას დეველოპერი დაიწყებს და ძალიან მალე გაეშვება მისი ვერსია",- განაცხადა ნათია სააკაშვილმა.