იცოდი? - რომ რუსთავქალაქობა პირველად ქალაქის დაარსებიდან 40 წლის თავზე აღინიშნა?
სწორედ 1988 წლიდან ჩაეყარა სახალხო დღესასწაულს საფუძველი.
დღესასწაულის ჩატარების იდეა ეროვნულ გმირს და იმდროინდელი საქალაქო კომიტეტის პირველ მდივანს ჟიული შარტავას ეკუთვნოდა, თუმცა შარტავა პირველ დღესასწაულს ვერ დაესწრო, რადგან 1987 წელს რუსთავიდან საქართველოს კომუნალური მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს.
1988 წელს რუსთავის დაარსებიდან 40 წლისთავი გაზაფხულზე აღნიშნეს და ამ ფაქტთან დაკავშირებით ქალაქში კულტურული, სპორტული და საბავშვო ღონისძიებები 2 დღის განმავლობაში, 11 და 12 აპრილს, იმართებოდა.
ძირითადი ღონისძიებები ქალაქის ახალ შემოსასვლელთან, რუსთავი-თბილისის გზასთან და იმ უბნებში მოეწყო, სადაც ქალაქის განაშენიანება მიმდინარეობდა. მთავარი და გრანდიოზული დახურვითი ღონისძიება კი ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართა.
სწორედ ამ ფოტოზეა აღბეჭდილი, ახალ შემოსასვლელში გამართული ღონისძიება, სადაც მოცეკვავეებმა შეკრებილი საზოგადოებისთვის ქართული ეროვნული ცეკვები შეასრულეს.
იმ დროს ქართული ტრადიციული ცეკვები ანსამბლმა "შევარდენმა" შეასრულა, რომლის ქორეოგრაფიც გოგი მარღანია იყო.
სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში ქალაქის მთავარი სტადიონის ტრიბუნაზე საიუბილეო თარიღი 1988 გამოსახეს.
ქალაქის ქუჩებში და სტადიონზე ე.წ კოლხოზნიკის ავტომობილებით სიმღერის "ჩახედე მეგობარს თვალებში" ფონზე ჩამოატარეს იმდროინდელი ქალაქის დამსახურებული პირები, ადამიანები რომლებმაც რუსთავის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა საწარმოების დირექტორები და შრომის გმირები.
ორდღიანი დღესასწაული გრანდიოზული ფოერვერკით დაიხურა, რომელიც სპეციალურად ხარკოვიდან იყო ჩამოტანილი.