მუსიკის ხმით შეწუხებული რუსთაველები

2022-07-06 13:34:52

გასული თვის განმავლობაში, რუსთავის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში ხმაურთან დაკავშირებით 7 შეტყობინება შევიდა.

როგორც "ინფო რუსთავს" სამსახურის ხელმძღვანელმა, ბაჩო ხაჩიძემ განუცხადა, მოქალაქეებმა გამოძახებები, ძირითადად, მუსიკის ხმის გამო განახორციელეს.

"2 რესტორანი იყო, რომ მივედით უკვე მუსიკა გამორთული დაგვხვდა და გაფრთხილება მიეცათ. ასევე ყველა რესტორანს პირადად გადავუგზავნეთ ინფორმაციები, რომელი საათიდან რომელ საათამდე შეუძლიათ იხმაურონ.

ერთი გამოძახება იყო მშენებლობიდან. მოქალაქე რეკავდა, რომ ხმაურობენ, დილით ადრე იწყებენო, შევამოწმეთ და კანონით გათვალისწინებულ დროს იწყებდნენ მუშაობას.

დანარჩენი იყო უბნებიდან, რომ მივედით, მუსიკა არ დაგვხვდა და ჩვენი ვარაუდით, ავტომობილები იყო გაჩერებული და იქიდან მოდიოდა ხმა", - განაცხადა ბაჩო ხაჩიძემ.

ცნობისთვის, კანონმდებლობა პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირის მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.