რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა "რუსთავის წყალს" წერილით მიმართეს, რომლითაც კომპანიისგან ითხოვენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებენ ისინი ქალაქში წყალმომარაგების კუთხით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. წერილის ჩაბარების პარალელურად, მათ "რუსთავის წყლის" თანამშრომლებს სიმბოლურად ბოთლით წყალიც გადასცეს.
სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ქალაქში ავარიული შემთხვევები ხშირი არ ყოფილიყო, კომპანიას 10 300 000 ლარი უნდა დაეხარჯა.
"შარშან სამოქალაქო აქტივისტებმა და საზოგადოებამ შევიტანეთ წერილი გახშირებულ ავარიულ შემთხვევებთან დაკავშირებით, რაზეც მოგვივიდა პასუხი, რომ მათ აქვთ გაწერილი გეგმა და 2021 წლიდან 2023 წლამდე განახორციელებენ 10 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. ახლა კი ჩვენ შევიტნეთ წერილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემებია აღმოფხვრილი, რა სამუშაოებია შესრულებული, რა თანხა დაჯდა ეს ყველაფერი და ასევე ვითხოვთ პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ დღეიდან 2023 წლამდე, რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს კომპანიის მხრიდან", - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.
სამოქალაქო აქტივისტის, გოგა ჯმუხაძის თქმით, წყალი რუსთავში თითქმის ყოველდღიურად წყდება.
"რუსთაველები როგორც სუფთა ჰაერს, ასევე 24-საათიან რეჟიმში ვიმსახურებთ წყლით მომარაგებას. მართალია, გრაფიკით არ მოგვეწოდება, მაგრამ მაინც არ გამოდის 24-საათიან რეჟიმში, რადგან თითქმის ყოველ დღე წყდება წყალი რუსთავში. ვითხოვთ პასუხს კითხვაზე, რა რეჟიმში მუშაობენ ახლა. ამასთან, კიდევ გვაინტერესებს კომპანიისგან, თოთოეულ უბანს როდის ექნება კარი, როდის დაიყოფა უბნები, რომ თუ მაგალითად ერთ ლოკაციაზე დაზიანდა მილი, მთელი ძველი რუსთავი არ გადაიკეტოს", - განაცხადა გოგა ჯმუხაძემ.
აქტივისტების თქმით, წერილზე პასუხი განსაზღვრას მათ სამომავლო მოქმედების გეგმას.