"უკვე აღწერილი გვაქვს რამდენიმე ტერიტორია, სადაც უფრო მეტად იქნება საჭირო დენდროლოგიური პროექტების განხორციელება", - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საინფორმაციო სააგენტომ ლაცაბიძეს ჰკითხა, იგეგმება თუ არა რუსთავში ქარსაცავი ზოლის მოწყობა.
"რაც შეეხება ქარსაცავ ზოლს და გამწვანების ახალ პოლიტიკას, ამაზე ვმუშაობთ სხვადასხვა სამსახურთან ერთად. უკვე აღწერილი გვაქვს რამდენიმე ტერიტორია, სადაც უფრო მეტად იქნება საჭირო საჭირო დენდროლოგიური პროექტების განხორციელება. მათ შორის, გამოვყოფ აუცილებლად რუსთავის შემოსასვლელს, სადაც უკვე დაწყებულია გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები.
როდესაც ქარსაცავზე ვსაუბრობთ, ალბათ ერთ-ერთ ზოლად უნდა განვიხილოთ სწორედ რუსთავის შემოსასვლელი და არა მხოლოდ. ასევე მნიშვნელოვანია გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელი ტყე-პარკი, სადაც რამდენიმე დღის წინ ვიყავი და ადგილზე გავეცანი იქ არსებულ მდგომარეობას. მას შემდეგ, რაც ჩვენ პროექტს ჩამოვაყალიბეებთ და ქალაქის გამწვანების ერთიანი კიდევ უფორ დეტალური სტრატეგია გვექნება, სიამოვნებით გაგაცნობთ", - განაცხადა ლაცაბიძემ.
აღსანიშნავია, რომ ძლიერი ქარის დროს რუსთავში გაჩიანის მხრიდან მტვრის მასა შემოედინება. გარკვეულ მიკრორაიონებში მტვრის მასა ხილვადობასაც კი ართულებს და მოქალქეებს დისკომფორტს უქმნის.