ქალაქის მერი რუსთავში დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება

2022-06-03 14:05:00

"მე მინდა რუსთაველებს ვუთხრა, რომ როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქალაქის ეკოლოგიას, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, მთელი ქალაქი ვართ ერთად", - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საინფორმაციო სააგენტომ ლაცაბიძეს ჰკითხა, რას პასუხობს მუნიციპალიტეტი იმ მოთხოვნებს, რომელიც 5 ივნისს, რუსთავში დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს აქვთ.

ლაცაბიძის თქმით, როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო სექტორი, რუსთავის ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით არსებულ პოზიციებში ერთიანია.

"მე მინდა რუსთაველებს ვუთხრა, რომ როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქალაქის ეკოლოგიას, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, მთელი ქალაქი ვართ ერთად, როგორც არასამთავრობო და სამოქალაქო ჯგუფები, ისე სამთავრობო სექტორი. არ არსებობს იყოს სხვა პოზიცია ერთი პოზიციის გარდა, რომ ამ ქალაქში ბიზნესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ასრულებდეს იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა დაახლოებით 1 წლის წინ მიიღო. მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება და ყველა სექტორი, როგორც სამთავრობო გუნდი, ასევე სამოქალაქო ჯგუფი, რომელმაც დაიწყო მთავარი გარდამტეხი ნაბიჯი, ყველანი ვართ ერთიანები იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს", - განაცხადა ლაცაბიძემ.

რუსთავის მერს ასევე ვკითხეთ, შეხვდება თუ არა აქციის მონაწილეებს, რაზეც მან გვიპასუხა, რომ 5 ივნისს ქალაქში არ იქნება, რადგან მივლინებით საზღვარგარეთ მიემგზავრება.

"დღეს მივემგზავრები მივლინებით კონფერენციაზე, სამწუხაროდ, მე ვერ დავესწრები ამ აქციას, თუმცა მუნიციპალიტეტის მხრიდან, საორგანიზაციო კუთხით, თუკი რაიმე საკითხი იქნება დაყენებული, მუნიციპოალიტეტი იქნება ჩართული ამ საკითხების მოგვარებაში", - განაცხადა ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, რუსთავში სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ"-ს ორგანიზებით საპროტესტო აქცია სახელწოდებით "ბოლო შანსი" გაიმართება.

აქციის მოთხოვნებია:

1. აღსრულდეს ჰაერდაცვითი კანონმდებლობა, რომელიც ზუსტად 1 წელია რაც ძალაში შევიდა;

2. გამოაქვეყნოს სამინისტრომ გეგმა-გრაფიკი რომელ საწარმოს კონკრეტულად როდის ექნება ფილტრები და თვითმონიტორინგის სისტემა;

3. სამოქალაქო სექტორი უფრო აქტიურად ჩართონ საწარმოებთან შეხვედრებში და გაზარდონ მოსახლეობისადმი ანგარიშვალდებულების ხარისხი;

4. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამუშაო ჯგუფი გახდეს უფრო ქმედითი (მათ შორის, რუსთავის მერიამ დროულად შეასრულოს საკუთარი პასუხისმგებლობები);

5. გაიზარდოს საწარმოების კონტროლი და არაგეგმური ინსპექტირებების რიცხვი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები