როდის დასრულდება რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა

2022-05-29 00:57:15

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს - 2024 წლის I კვარტალში დასრულდება. ამის შესახებ მან პარლამენტში, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შატაკიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება რუსთავისა და თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის ფონიჭალის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების საკითხი, თუ შეიძლება გვითხრათ, იმდენად, რამდენადაც მშენებლობის დასრულება უალტერნატივოა, როდის არის დაგეგმილი მშენებლობის განახლება და როდის დასრულდება?", - მიმართა მინისტრს შატაკიშვილმა.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, დარჩენილია 3.5 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობა, რომლის დასრულებაც მთავრობას დაგეგმილი აქვს. 

"17 კილომეტრიანი მონაკვეთია, საიდანაც 13.5 კილომეტრი უკვე მრავალი წელია სარგებლობაშია. 3.5 კილომეტრიანი მონაკვეთია დარჩენილი, რომელიც გარკვეული გამოწვევების გამო, ვერ იქნა დასრულებული.

ნამდვილად გვაქვს იმის გეგმა, რომ აღნიშნული მონაკვეთი აუცილებლად გაგრძელდება და 2023 წლის ბოლოს - 2024 წლის I კვარტალში აღნიშნული პროექტი, ის 3.5 კილომეტრიანი მონაკვეთი შევა ექსპლუატაციაში და ერთხელდასამუდამოდ ეს მიმართულება იქნება ასევე უზრუნველყოფილი", - განაცხადა მინისტრმა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები