ყველაზე მოთხოვნადი სკოლები რუსთავში

2022-05-24 14:19:11

საჯარო სკოლებში 2022-2023 სასწავლო წლის პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო.

რეგისტრაცია 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა რუსთავის რამდენიმე სკოლაში ადგილები რეგისტრაციის დაწყებიდან პირველ ორ წუთში აღარ იყო.

"ინფო რუსთავი" გთავაზობთ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალს, რომლებშიც პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპზე ადგილები ყველაზე მოკლე დროში შეივსო.

წელს 75 თავისუფალი ადგილი იყო N2 საჯარო სკოლაში. დირექტორის, ლალი ნაზღაიძის განცხადებით, საბოლოო ეტაპზე სკოლას 27 პირველკლასელის მიღება შეეძლო. დაწესებულებაში თავისუფალი ადგილები კი რამდენიმე წამში აღარ იყო.

N4 საჯარო სკოლაში პირველკლასელთათვის 125 ადგილი იყო თავისუფალი. სკოლის დირექტორის, მამუკა ხამხაძის განცხადებით, რეგისტრაციის საბოლოო ეტაპისთვის დარჩენილ 37 თავისუფალ ადგილზე, პირველკლასელები რამდენიმე წამში დარეგისტრირდნენ.

ახალი სასწავლო წლისათვის 150 პირველკლასელს მიიღებს N5 საჯარო სკოლა. მესამე ეტაპისთვის კი თავისუფალი 77 ადგილი იყო, რომელიც სკოლის დირექტორის, თამარ გოგოძის განცხადებით, 3 წუთში შეივსო.

ორი წუთიც არ დაჭირდა 31 ადგილის შევსებას მე-7 საჯარო სკოლაში. დირექტორის, ლია ჯღარკავას განცხადებით, წელს მათ სკოლაში სულ 100 პირველკლასელს მიიღებენ.

75 პირველკლასელის მიღება შეეძლო N11 საჯარო სკოლას. დირექტორის, გია შეყილაძის თქმით, მესამე ეტაპზე 27 ბავშვის დარეგისტრირება იყო შესაძლებელი და ადგილების შევსებას სკოლაში 1 წუთიც არ დასჭირვებია.

წელს 150 პირველკლასელს მიიღებს N21 საჯარო სკოლა, საიდანაც ბოლო ეტაპზე რეგისტრაციისთვის 52 ადგილი იყო დარჩენილი. სკოლის დირექტორის, ნინო გავაშელის თქმით, თავისუფალი ადგილები ძალიან მალე შეივსო.

100 თავისუფალი ადგილი ჰქონდა რუსთავის N24 საჯარო სკოლას. მესამე ეტაპისთვის კი, რეგისტრაცია 30 ბავშვზე იყო გამოცხადებული. სკოლის დირექტორის, მანანა გოგოლაძის თქმით, თავისუფალი ადგილები რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წამში სრულად შეივსო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები