"აზოტის პროფკავშირების 1 წლის გამოცდილება" [photo]

2022-05-21 20:06:53

"აზოტის პროფკავშირების 1 წლის გამოცდილება" - ამ სახელწოდებით სასტუმრო "გრანდ ვეჯინში" რუსთავის აზოტის პროფკავშირებმა ღონისძიება გამართა.

პროფკავშირის კომიტეტის წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებს 1 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე ესაუბრნენ. ასევე, საუბარი შეეხო იმ პრობლემებსაც, რომელიც საწარმოში დასაქმებულების თქმით, ჯერ ისევ დგას.

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების წარმომადგენლის, გიორგი ტყემელაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე წერილობითი ფორმით მიმართეს საწარმოს ხელმძღვანელობას.

"ძირითადად, არის ისევ ის პრობლემები, რაც ეხებოდა ჰიგიენურ წესს და ჯანმრთელობისთვის სახიფათო სამუშაოებს. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ, პროფკავშირებს წერილი შეგზავნილი გვაქვს და ველოდებით რეაგირებას. უახლოეს მომავალში თუ არ იქნება გამოხმაურება, სხვადასხვა სახის აქტივობებს ვგეგმავთ", - განაცხადა ტყემალაძემ.

ღონისძიებას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები, ასევე ჭიათურის მაღაროელთა, ტყიბულის მეშახტეთა, ზესტაფონის და რუსთავის მეტალურგიის, ქსნის მინის ტარის საწარმოს და ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, აზოტის პროფკავშირები 1 წლის წინ დაარსდა, როცა საწარმოს თანამშრომლები ანაზღაურების გაზრდისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე დღის განმავლობაში გაიფიცნენ.