საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 18 მაისს, 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შემხვევ სატრანსპორტო საშუალებებს რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობისას გადაადგილება მხოლოდ მ. ჯავახიშვილის ქუჩიდან მ. კოსტავას ქუჩის გავლით შეეზღუდებათ, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება უცვლელი დარჩება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის მ. კოსტავას ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მ. კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით.
თავისუფლების მოედანზე წრე შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლით, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცვლილება შეეხება ჯავახიშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებს: N308, N359 და მიკროავტობუსს: N457.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და თბილისის საკონცერტო დარბაზთან დატრიალდება.