რუსთაველმა გოგომ 150 000$-იანი დაფინანსება მოიპოვა

2022-05-18 12:55:32

რუსთაველმა გოგომ, 16 წლის სალომე გვარამაძემ 150 000$-იანი დაფინანსება მოიპოვა და სწავლას ორი წლის განმავლობაში UWC South East Asia, Singapore-ში გააგრძელებს.

წარმატებამდე რთული და რამდენიმე თვიანი გზის შესახებ დეტალურად საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თავად სალომემ უამბო.

"თავიდან 200-300 აპლიკანტი იყო საქართველოდან. პირველ ეტაპზე გავაგზავნეთ აპლიკაცია, რომელშიც შედიოდა ინფორმაცია ჩვენს შესახებ, ნიშნები და სამოტივაციო ესეები. ამის შემდეგ ვწერეთ მათემატიკისა და ინგლისურის ტესტი.

ვინც ეს ეტაპი გადალახა შემდეგ გვქონდა ნახევარ საათიანი ინტერვიუ UWC კურსდამთავრებულებთან. საბოლოოდ ფინალში 18 ადამიანი გადავედით.

ფინალური ტური საკმაოდ გრძელი იყო. გვქონდა დებატები, ვწერდით გუნდურად პროექტებს და გვქონდა კიდევ ერთი ინტერვიუ. ფინალი დაახლოებით 5 დღე გრძელდებოდა.

ამის შემდეგ გამოვლინდა 4 გამარჯვებული და რეზერვისტები. სკოლა მე არ ამირჩევია, ჩვენ თავიდანვე მოგვეცა საშუალება გამოგვეთქვა სურვილი, რომელი სკოლა გვინდოდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას კომიტეტი და თვითონ სკოლა იღებს ჩვენი აპლიკაციის მიხედვით.


ჩემთვის საბოლოოდ შეირჩა UWC South East Asia, Singaore. ვისწავლი საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამაზე, რომელიც ევროპაში შეიქმნა, ანაცვლებს 11 და 12 კლასს და საერთაშორისო სკოლის დიპლომის ეკვივალენტია",- გვიამბო სალომე გვარამაძემ.

2 წლის განმავლობაში სალომეს სინგაპურში ცხოვრების ხარჯებს თავად სკოლა დაუფინანსებს.

UWC 18 კერძო სკოლის გაერთიანებაა, რომელთაც საერთო მისია აკავშირებთ, განათლების ძალით ხალხის, ერების და კულტურების გაერთიანება მშვიდობიანი და მდგრადი მომავლისთვის.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები