“საყმაწვილო სენი”

2022-05-15 00:51:46

კრიზისი გარდატეხის ასაკში და ერთგულების მთავარი ძალა, რომელიც ყველა სენს ამარცხებს - რუსთავის თეატრში სპექტაკლ “საყმაწვილო სენის” პრემიერა შედგა.

რეჟისორმა სოსო ნემსაძემ სპექტაკლი კოტე ჯანდიერის პიესის მიხედვით დადგა.

ეს უკვე მეორე სპექტაკლია, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და რუსთავის თეატრის შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაიდგა.

საყმაწვილო სენი მოზარდობის ხანის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, სადაც თავს ერთად იყრის: ცხოვრებისეული კრიზისული ეტაპის დასაწყისი, შიში, განსაცდელი, დაბრკოლება, გაუცნობიერებელი ქმედება და საფრთხე, რომელმაც საკუთარი თავიცა და სხვაც ერთნაირად შეიძლება დააზარალოს. სად არის გამოსავალი?! ძალაში?! რომელიც გმირობის ტოლფასიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, როდესაც განსაცდელში მოულოდნელად აღამოჩენილ, საზოგადოებისგან გარიყულთა სიის კანდიდატ მეგობარს სათანადო დახმარებას უწევ და სიკვდილის კლანჭებიდანაც ახერხებ მის გამოხსნას.

კოტე ჯანდიერის “საყმაწვილო სენი” ქართული ამბავია, ყველა მისი შტრიხით, პერსონაჟთა ხასიათითა თუ ქმედებით. დრამატურგი, მის შემოქმედებაში სწორედ ქართულ ისტორიებს აცოცხლებს, რომელიც სცენაზე კიდევ უფრო ორგანული და ნატურალური ხდება.