რუსთავში, მე-18 და მე-19 მიკრორაიონებს შორის ახალი სკვერი იხსნება. გახსნის ღონისძიება ხვალაა დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ახალი რეკრეაციული სივრცე 13 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო. სკვერს რუსთაველმა ახალგაზრდებმა სახელიც შეურჩიეს და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რეკრეაციისთვის მშვიდობის სახელის მინიჭების ინიციატივით მუნიციპალიტეტს მიმართეს.
გახსნის ცერემონიაზე, რუსთაველებთან ერთად, ამჟამად რუსთავში მცხოვრები, უკრაინიდან დევნილი ოჯახებიც არიან მიწვეულნი.
რეკრეაციულ სივრცეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი და პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად გახსნიან.
მრავალფუნქციურ რეკრეაციაში საბავშვო და სპორტული სივრცეები, ამფითეატრი, დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. განხორციელდა დენდროლოგიური პროექტიც და სკვერის ტერიტრიაზე, 350 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო.
პროექტის ღირებულება 1 224 439 ლარია.
რეკრეაციული სივრცის გახსნის ღონისძიება ხვალ 17:00 საათზე დაიწყება. სკვერის გახსნის ცერემონიაზე მოსახლეობას სხვადასხვა საბავშვო და მუსიკალური პროგრამა დახვდება:
17:00 - საბავშვო გასართობი პროგრამა, ზღაპრის გმირები და ანიმატორები;
18:00 - ART LIFE;
19:00 - ბენდი BEYOND;
20:00 - Dj სეტი.